„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეექვსედ, იმართება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში. ღონისძიებას ასოციაცია „ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად ატარებს.
ფესტივალის მიზანია ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა, ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა.
ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ მათგან როგორც ადგილზე, ასევე ფერმერულ მეურნეობებში და ადგილობრივ საცხობებში გამომცხვარ პურს, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს და ადგილობრივ პროდუქტებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები. ჩატარდება ლექცია თემაზე - ხორბლის კულტურა საქართველოში და თესლეულის გაცვლის მნიშვნელობა აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის.
წინა ღონისძიებების სტატისტიკიდან და მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ საგამოფენო სივრცეებში მონაწილეთა და ფესტივალის სტუმართა ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა, წელს კიდევ გაიზრდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პურის მცხობლები, ტრადიციული მესხური კერძების ოსტატები, ადგილობრივი პროდუქტების და ყველის მწარმოებლები. ტრადიციული პროდუქტისა და სამზარეულოს სივრცეში ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები და საწარმოები წარმოადგენენ 50-მდე ადგილობრივ პროდუქტს. მათ შორის ტრადიციულ მესხურ ფურნეში გამომცხვარ მესხურ შოთსა და სომინს, ქადას, ქადა-ხაჭაპურს, ერიშტას, ასევე ტენილ ყველს, კამეჩის მაწონს, აპოხტს, თუთის ნაწარმს, თაფლს, ღვინოს, ქვევრის ლუდს და სხვ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ხალხური რეწვის ოსტატები, მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლები რეგიონიდან და თბილისიდან. ღონისძიებას უამრავი მონაწილე და სტუმარი ეწვევა. ფესტივალი ერთმანეთს შეახვედრებს ადგილობრივი პროდუქტის მწარმოებლებს და მომხმარებლებს. დაგეგმილია ასევე გასართობი ღონისძიებები. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
ფესტივალის მსვლელობისას და დასასრულს, ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართება ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.
ინფორმაცია გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მსურველთათვის:
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ დაინტერესებულ პირს/ ორგანიზაციას, რომლებსაც მოჰყავთ და/ან პოპულარიზაციას უწევენ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, აცხობენ მათგან პურს, აწარმოებენ და ყიდიან ადგილობრივ და ტრადიციულ პროდუქტს, მეურნეებს, ვინც ეწევა ორგანულ სოფლის მეურნეობას და/ან კლიმატგონივრულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლებსაც სურთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ თანამშრომლობითი და ბიზნეს ურთიერთობები, გახადონ მათი პროდუქტი უფრო ცნობადი როგორც რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით.
ხელნაკეთობების შემთხვევაში, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელნაკეთობების მწარმოებლებს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, უპირატესობა მიენიჭებათ ტრადიციული ნაკეთობების მწარმოებლებს.
თუ გსურთ გახდეთ ღონისძიების მონაწილე, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული - სარეგისტრაციო ფორმა მონაწილეთათვის
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, უპირატესობა მიენიჭებათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს.
ტრანსპორტირების და ღამისთევის ხარჯი არ ანაზღაურდება.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 სექტემბერი, 2024
დასტურს ფესტივალზე მონაწილეობის შესახებ მიიღებთ არაუგვიანეს 27 სექტემბრისა, 2024
ინფორმაცია ლექციაზე დასწრების მსურველთათვის:
თუ გსურთ დაესწროთ ლექციას თემაზე - ხორბლის კულტურა საქართველოში და თესლეულის გაცვლის მნიშვნელობა აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ლექციაზე დასასწრები ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ლექცია ჩატარდება ქართულ ენაზე.
ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი, 2024
ინფორმაცია ღონისძიების სპონსორობის მსურველთათვის:
სასპონსორო შეთავაზება - „პურის ფესტივალი 2024“
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: breadfestival@elkana.org.ge; s.javakhetidmo@gmail.com
ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 5 ოქტომბერს; დასაწყისი 13:00 საათზე.
მისამართი: ქალაქი ახალციხე, ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. 1.